ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა იაპონიის მიმართულებით

გუშინ, 14 სექტემბერს, ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა იაპონიის მიმართულებით, რომელმაც 3700 კმ იფრინა, გასცდა კუნძულ ჰოკაიდოს და წყნარ ოკეანეში ჩავარდა. რაკეტის გაშვება მოხდა ფხენიანის საერთაშორისო აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 7.00. გამომდინარე მანძილის სიშორიდან უკვე შეიძლება ითქვას, რომ კიმ ჩენ ინის მუქარა აშშ-ის მისამართით მალე შესაძლოა რეალობად იქცეს, რადგან წყნარ ოკეანეში მდებარე ამერიკული კუნძული გუამი სულ რაღაც 3400 კმ-ით არის დაცილებული ფხენიანიდან.
ჩრდილოეთ კორეის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ აშშ-ის და იაპონიის მოთხოვნით  დღეს შედგება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა. შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში საბჭომ უკვე იმსჯელა კიმ ჩენ ინის რეჟიმის ბირთვულ პროგრამებთან დაკავშირებით და დაუწესა მთელი რიგი სანქციებისა, რომელიც შეეხო ქვეყანაში ნავთობისა და გაზის იმპორტს, მსუბუქი მრეწველობის პროდუქციის ექსპორტსა და ჩრდილოეთ კორეელი მოქალაქეებისათვის დასაქმების უფლების ჩამორთმევას მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. დღევანდელი სხდომა სავარაუდოდ იმსჯელებს სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებაზე, თუ აშშ-ის მხრიდან უკვე არ წამოიჭრა საკითხი პრობლემის ძალისმიერი გზებით მოგვარებაზე.