აზერბაიჯანის და სომხეთის პირველმა პირებმა თავიანთ გამოსვლებში მწარე კომენტარები ერთმანეთის მიმართ არ დაიშურეს

გენერალური ასამბლეის ყოველწლიური სესია ჩვენი რეგიონის კუთხითაც აღმოჩნდა საინტერესო. აზერბაიჯანის და სომხეთის პირველმა პირებმა თავიანთ გამოსვლებში მწარე კომენტარები არ დაიშურეს ერთმანეთის მიმართ. პრეზიდენტმა სარქისიანმა დაადანაშაულა აზერბაიჯანი სომეხი მოსახლეობის მასობრივ დეპორტაციასა და ეთნიკურ წმენდაში. ხოლო ილჰამ ალიევის მიერ გასული წლის აპრილში აზერბაიჯანელი სამხედრო დამნაშავის დაჯილდოება შეაფასა, როგორც ,,შუასაუკუნეების დროინდელი ჩამორჩენილობის სიმბოლიზირება’’.
საპასუხოდ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სომხეთი მოიხსენია, როგორც ,,კორუმპირებული, არშემდგარი ქვეყანა, რომელიც დესპოტური, შუასაუკუნეობრივი რეჟიმის მიერ იმართება’’. ორივე პრეზიდენტმა თავიანთ გამოსვლაში აქცენტი გააკეთეს ყარაბაღის კონფლიქტზე, მის ისტორიასა და ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებზე. მათ მიერ გამოყენებული ლექსიკითა და დაფიქსირებული პოზიციით თუ ვიმსჯელებთ, აღნიშნული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ახლო მომავალში ძნელად სავარაუდოა.