პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელ კომისიაში” გიგი უგულავას საქმეს განიხილავენ

“პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელ კომისიაში” დღეს გიგი უგულავას დაკავების საქმეს განიხილავენ. კომისიის მიზანია, მოამზადოს დასკვნა ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც პოლიტიკურად არის დევნილი. კონსულტაციების შემდეგ სამომავლო გეგმები გახდება ცნობილი.

“ევროპული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, უგულავა სისტემის მსხვერპლი და პოლიტიკური პატიმარია.

“სამწუხაროდ, გიგი არ არის ერთადერთი პოლიტიკური პატიმარი და პოლიტიკურად დევნილი. ის არის მთლიანად იმ სისტემის მსხვერპლი. მთელი ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნა იყო ორი – პროპორციული არჩევნები და მეორე – პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. შესაბამისად, ეს კავშირი ერთმანეთთან არ შეწყვეტილა და ეს ორი მოთხოვნა ერთდროულად ისევ მაგიდაზეა,” – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

“ლეიბორისტული პარტიის” უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ კომისიის ფორმატში გადაწყვეტილება სამართლებრივად უნდა მომზადდეს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნოს.

“პოლიტიკური დევნის საკითხთა კომისიამ უნდა დადოს კონკრეტული, სრულფასოვანი დასკვნა ამ საკითხთან დაკავშირებით. გასაგებია, რომ ყველას გვაქვს ჩვენი შეფასება და ვთვლი, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ კომისიურ ფორმატში, ერთიანი, მრავალპარტიული გადაწყვეტილება უნდა იქნეს მომზადებული სათანადო სამართლებრივი საფუძვლებით და გადაიგზავნოს საერთაშორისო ორგანიზაციებში,” – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.