მარიამ ქობულია: უკვე ტენდენციური გახდა ხელისუფლების წევრების მიერ ჟურნალისტებზე ზეწოლა

საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ხელისუფლების წევრების მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს:

,, შემაშფოთებელია, როდესაც თითქმის ყოველ დღე უყურებს საზოგადოება, თუ როგორ აგდებულად და შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართავენ ტელეკომპანია ,,მთავარის” ჟურნალისტებს. განსაკუთრებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: გია ვოლსკი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი. ისინი შეგნებულად თავს არიდებენ კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემას და ჟურნალისტებს არ აძლევენ შესაძლებლობას თავისუფლად განახორციელონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა. ასევე, არა ერთხელ, ტვ პირველის ჟურნალისტები აღმოჩნდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ გაკრიტიკებულნი სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის კუთხით.
მინდა მივმართო უმრავლესობის წევრებს, კეთილი ინებეთ და თითოეული ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, გამოიჩინეთ მაქსიმალურად თმენის ვალდებულება და თავი შეიკავეთ არაეთიკური შეფასებებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლისთვის აუცილებლად მოხვდება თქვენი სახელი და გვარი იმ კვლევაში, რომელსაც ასოციაცია ამზადებს. მივაწვდით ხმას ჩვენს ყველა საერთაშორისო პარტნიორს, თუ როგორ უშლით ხელს კრიტიკული კითხვის დასმას და დისკრიმინაციული დამოკიდებულებით შეურაცხყოფას აყენებთ ჟურნალისტებს.” – ნათქვამია მარიამ ქობულიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.