მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველა – შოთაძე კომიტეტზე მომხდარ ინციდენტზე

გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებისას მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

როგორც შოთაძემ აღნიშნა, თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობს.

“არ შემიძლია არ გამოვეხმაურო დასაწყისში მომხდარ ინციდენტს. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. სამწუხაროა ის გარემოება, რომ ამ ყველაფრის მომწყობებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ, მოესმინათ ხედვები პროკურატურის განვითარების შესახებ და შემდგომ გამოეხატათ თავისი კრიტიკული პოზიცია. მაგრამ, რეალობა ისაა, რომ ამ ხალხს ეს არ აინტერესებს. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი, ძალიან მწარედ ცდებიან.

უპირველეს ყოვლისა, მსგავსი ქმედებებით შეურაცხყოფილები მსგავსი ქმედებების ჩამდენი ადამიანები რჩებიან. ეს არის ძალიან ადამიანური რეალობა. ნათქვამია – მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველა,” – ჩემი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით სწორედ ესაა,” – განაცხადა შოთაძემ.

ვიდრე პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენა დაიწყებოდა, დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატები თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით შევიდნენ. მათ გამოჩენას ხმაური მოჰყვა.

თინა ბოკუჩავას და ელენე ხოშტარიას ჰქონდათ ფლაერები, რომელთა დარიგებასაც დეპუტატებისთვის აპირებდნენ. ფლაერებზე, როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, პოლიტპატიმრები არიან გამოსახულნი.