თინა ბოკუჩავა: ხელისუფლების ბოლო წინადადება ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელია

“კატეგორიულად მიუღებელია 100/50, რომელსაც ხელისუფლება ვითომ გვთავაზობს, ციფრების ვაჭრობას არავინ ამ მაგიდასთან მსხდომი არ აპირებს,”- ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანმა თინა ბოკუჩავამ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. თინა ბოკუჩავას თქმით, შემოთავაზების მთავარი პრინციპი პროპორციულობა უნდა იყოს.

“კატეგორიულად მიუღებელია 100/50, რომელსაც ხელისუფლება ვითომ გვთავაზობს, იმიტომ, რომ ეს რეალური შემოთავაზება არ არის. ციფრების ვაჭრობას არავინ ამ მაგიდასთან მსხდომი არ აპირებს. არის ზოგადი პრინციპი და ეს პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერი პარტია, რომელსაც არ აქვს მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ეს მაღალი უნდა იყოს, როგორც მინიმუმ, 40%, ვერ და არ უნდა აკომპლექტებდეს მთავრობას,”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა. ოპოზიციონერები ხელისუფლებასთან დიალოგის ფორმატში დაბრუნებას არ აპირებენ, თუმცა, მათი გადაწყვეტილებით, დიპლომატებს შეხვდებიან და მათი მეშვეობით გაიგებენ, რას აპირებს ხელისუფლება.