აშშ-ის თავდაცვის მდივანი, მარკ ესპერი – რუსეთმა ძალიან გააძლიერა თავისი კიბერშესაძლებლობები

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, მარკ ესპერი – რუსეთმა ძალიან გააძლიერა თავისი კიბერშესაძლებლობები. ჩვენ ეს პირადად ვიხილეთ და ეს არის საკითხი, რასაც სერიოზულად ვუდგებით. ვაშინგტონი გააგრძელებს პარტნიორებისა და მოკავშირეების დახმარებას რუსეთის მხრიდან კიბერჩარევის საფრთხესთან გასამკლავებლად.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი აცხადებს, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს პარტნიორებისა და მოკავშირეების დახმარებას რუსეთის მხრიდან კიბერჩარევის საფრთხესთან გასამკლავებლად.

ამის შესახებ მარკ ესპერმა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოზე რუსეთის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ კიბერთავდასხმაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„რუსეთმა ძალიან გააძლიერა თავისი კიბერშესაძლებლობები. ისინი ბევრ ქვეყანაზე ზეგავლენას ან მათ საქმეებში ჩარევას ცდილობენ. ჩვენ ეს პირადად ვიხილეთ და ეს არის საკითხი, რასაც სერიოზულად ვუდგებით. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების დახმარებას, რათა ისინი გაუმკლავდნენ რუსეთის მხრიდან ჩარევის, მათ შორის კიბერჩარევის საფრთხეებს“, – განაცხადა მარკ ესპერმა.

ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-მა კიბერსივრცეში არა მხოლოდ თავდაცვით მოქმედებებს, არამედ შეტევით ქმედებებს უნდა მიმართოს.

მიმდინარე წლის 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.

კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.