ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერეში, საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში გადაიყვანეს

ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები საჩხერეში, საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში გადაიყვანეს. 34 მოქალაქე სასტუმროში დილით შევიდა და იზოლირებული არიან.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის, მაია ხელაძის თქმით, მოქალაქეები სასტუმროში ორი კვირა დარჩებიან და სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკაში გადაიყვანენ.

“რადგან საავადმყოფოსთან არსებული სასტუმროა, მგონი, ამიტომ შეირჩა, რომ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, სწრაფად და დროულად მივეხმაროთ. ჩვენს კლინიკას აქვს ბოქსირებული და ორმაგი დაცვითი პალატები. ეს პირები ჩინეთშიც შემოწმდნენ და ჩვენთანაც აეროპორტში, ამ ეტაპზე რაიმე სიმპტომი არ აქვთ, მაგრამ ორკვირიანი კარანტინი მაინც არის გადაწყვეტილი. სამინისტროს მიერ შეირჩა ჩვენი კლინიკა” – განაცხადა მაია ხელაძემ.