საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვირუსი დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იტალიიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა.

გამყრელიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

ამასთა, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ეჭვი არსებობს კიდევ ერთ მოქალაქეზე, რომლის შესახებ პასუხი საღამოსთვის გახდება ცნობილი.

„29 პაციენტია ინფექციურ საავადმყოფოში. დღეს აღებულია 24 სინჯი. მიმდინარეობს მათი კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში. დიდი ალბათობით არ გამოვრიცხავ, რომ გვქონდეს დადებითი შემთხვევა. ჩვენ ამან არ უნდა დაგვაფრთხოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის კარანტინში 87 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა ორი დღის წინ დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.