აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირების 6 შემთხვევა დასტურდება

აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირების 6 შემთხვევა დასტურდება, – იუწყება აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მთავრობასთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს გამოავლინეს. ვირუსი ირანიდან მომავალ რუსეთის მოქალაქეს დაუდგინდა.

5 მარტამდე ჯამში 3 შემთხვევა დასტურდებოდა, დღეს კი ოპერატიულმა შტაბმა გამოაცხადა, რომ კიდევ სამ ადამიანს დაუდასტურდა ვირუსით ინფიცირება.

სამივე მათგანი ირანიდან შევიდა აზერბაიჯანში. ერთ-ერთი მათგანი გერმანიის მოქალაქეა, დანარჩენი ორი კი — აზერბაიჯანის. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას აგრძელებენ.

საქართველოში დღეს კორონავირუსით დაინფიცირების მეოთხე შემთხვევა დადასტურდა, სომხეთში კი ამ დრომდე მხოლოდ ერთი შემთხვევა დასტურდება.