გიორგი გახარია: „ერთი თვე წინ გველოდება ძალზედ მძიმე ბრძოლა“

„ერთი თვე წინ გველოდება ძალზედ მძიმე ბრძოლა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა TV „იმედის“ „ღია ეთერში“ ვირუსთან ბრძოლის პერიოდში ეკონომიკის შენარჩუნების მნიშვნელობაზე საუბრისას.

მისი თქმით, ეკონომიკა მთავარია, მაგრამ უპირველესი ადამიანის ჯანმრთელობაა.

„გვესმის, რომ აქ ბალანსი აუცილებელია, გვესმის, რომ ეს არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ სერიოზული პრობლემები შევუქმნათ ეკონომიკას. რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ ყველას ერთი რამ უნდა გვესმოდეს, საბოლოო ჯამში, საბოლოო და უპირველესი მიზანი მაინც არის ამ ბრძოლაში ვირუსის დამარცხება. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ეს გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, ისე რომ ჩვენს ეკონომიკას მივაყენოთ მინიმალური ზიანი და მისი პოტენციალი სწრაფი აღდგენის შევინარჩუნოთ, მაგრამ ვერანაირი ეკონომიკა ვერ დადგება დღის წესრიგში, სანამ ადამიანებს და მათ ჯანმრთელობას შეიძლება რისკი ემუქრებოდეს.

სწორედ ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეკონომიკა არის პრიორიტეტი, რომელიც სულ უფრო და უფრო იწევს პირველი ადგილისკენ, ამ შემთხვევაში იმიტომ რომ ჩვენ სხვებთან შედარებით, ასე თუ ისე ვუმკლავდებით გამოწვევას, თუმცა ჩვენ წინ გველოდება ძალზედ სერიოზული, ძალზედ მძიმე ბრძოლა, დაახლოებით, ერთი თვე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.