პეტროსიანსა და მკოიანს შორის სროლის ამსახველი კადრები (ვიდეო)

ახალქალაქში, ჯავახიშვილისა და თავისუფლების ქუჩების კვეთაზე არსებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა მომენტი თუ, როგორ მიმდინარეობდა გარჩევები საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატების ნათესავებს შორის, რაც შემდგომ, შეიარაღებულ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. კერძოდ, საუბარია პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრზე, პარლამენტის ყოფილ და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედ დეპუტატზე, სამველ პეტროსიანსა და პარლამენტის დეპუტატზე “ქართული ოცნებიდან”, ენზელ მკოიანზე.

26 მარტს, დღის მეორე ნაწილში, როგორც ვიდეოკადრებიდან ჩანს, დაახლოებით 15:28 საათზე, კაფე “გოლდთან“, რომელიც პეტროსიანს ეკუთვნის, პეტროსიანისა და მკოიანის ნათესავებს შორის კონფლიქტი დაიწყო. კადრებში ასევე ჩანს, რომ დაპირისპირება არ იყო ხანგრძლივი და მალევე დასრულდა. მას შემდეგ, რაც კონფლიქტში მონაწილე მხარეები თითქოს დამშვიდდნენ და დაიშალნენ, გაისმა სროლის ხმა.

უცვლელად გთავაზობთ სროლის ამსახველ კადრებს და 4 წუთის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს.

„სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბრისას „ოცნების“ დეპუტატმა განაცხადა, რომ პეტროსიანმა მისი მიმართულებით რამდენჯერმე ისროლა და რომ არა პოლიცია, შემთხვევას უვნებელი ვერ გადაურჩებოდა. მისივე თქმით, დღეს, 31 მარტს ის მთელ ამბავსა და შემთხვევის ამსახველ ვიდეო ჩანაწერს საკუთარ ფეისბუკის გვერდზე განათავსებს, სადაც ყველა დაინახავს, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

„ბიჭებს შორის იყო საუბარი. მე მივედი და ვუთხარი რომ ეს პეტროსიანის მორიგი პროვოკაციაა წამოდით–თქო და გამოვბრუნდი. ორ წუთში მოდის სამველ პეტროსიანი თავის ბიჭს ეუბნება: შენ კაფეში შედი მე ეს უნდა მოვკლაო, შვილი არ შევიდა, სამველა გამორბოდა თან მაგინებდა და თან მესროდა. ერთი მესროლა, შემდეგ მეორე, მესამეზე უკვე პოლიციამ ხელი დაუჭირა და ფეხებში მესროლა, მეოთხე ცდაზე იარაღმა აღარ გაისროლა და გადავრჩი თორემ, უეჭველი მომხვდებოდა, მას უნდოდა რომ მაჟორიტარი დეპუტატი მოეკლა“, – აცხადებს ენზელ მკონიანი.

როგორც სამველ პეტროსიანმა jnews-თან საუბრის დროს განაცხადა., კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ენზელ მკოიანის შვილი მის შვილთან შესარიგებლად მივიდა.

„ყველაფერი დაფიქსირებულია კამერებზე. ის ჩანს რამდენჯერ ისროლა მკოიანმა, რამდენჯერ მე და ჩემამდე ვინც ისროდა“, – ამბობს სამველ პეტროსიანი, ინციდენტის დაწყებას კი ასე იხსენებს, – „ინციდენტი არა მკოიანების სახლთან, არამედ ჩვენს კაფესთან ახლოს, მეტიც, კარებთან დაიწყო. ენზელის შვილი 3–4 ადამიანთან ერთად მოვიდა მეგობრულად, ჩემს შვილთან სასაუბროდ. ისინი საუბრობდნენ კონფლიქტის გარეშე. უნდოდათ ურთიერთობების გამოსწორება. ამ მომენტში მოვიდა ძმა (იგულისხმება ენზელ მკოიანის ძმა), ხალხით სავსე 5–6 მანქანით და მოულოდნელად დაესხნენ თავს გეორგს [იგულისხმება სამველ პეტროსიანის შვილი]. ყველაფერი ასე დაიწყო“.

პეტროსიანი ჰყვება რომ ჰაერში მანაც რამდენჯერმე გაისროლა, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ რაც გაიგონა რომ მათ მოკვლით ემუქრებოდნენ.

„მე ვისროლე ჰაერში, არ ვიცი ვინ ისროლა პირველმა. მე გავედი ინციდენტის დასასრულს და ჰაერში გავისროლე, რადგან ისინი მოშორებოდნენ ჩემს შვილს. ისინი იძახდნენ – მოკალით პეტროსიანი და მისი შვილიო“, – თქვა ყოფილმა დეპუტატმა.

პარლამენტის ყოფილ და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოქმედ დეპუტატ სამველ პეტროსიანსა და პარლამენტის დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის შვილს, საქართველოს პროკურატურამ ხულიგნობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გამოყენების  ბრალდება წაუყენა.