ეკატერინე ტიკარაძე-ვირუსის პიკურ სტადიას შესაძლოა ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან

ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პიკური სტადია, შესაძლოა აპრილის მეორე ნახევრიდან მოხდეს.

აღნიშნული განცხადება ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

“მივყვებით ჩვენს გეგმას და სიტუაციაც მაინც კონტროლირებადია, ვინაიდან, ამ პაციენტიდან ძირითადის კონტაქტები ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან არის დადგენილი და მათი უმეტესობა არის ან უკვე ცნობილი კლასტერებიდან ან იმ საკარანტინო ზონებიდან, რომელშიც არიან განთავსებულები ჩვენი პაციენტები.

ეს გვაძლევს იმის საფუძველს, არ ჩავთვალოთ, რომ ქვეყანაში ზარების შემოკვრის დროა, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ არ გავამკაცროთ ღონისძიებები და არ დავსახოთ ჩვენი შემდგომი სტრატეგია უკვე გართულებული და გაზრდილი შემთხვევების მართვისთვის.

აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ პიკურ სტადიას შესაძლოა, ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან, იმის მიხედვით, თუ რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი, როგორც სახელმწიფოს გუნდის მხრიდან, ასევე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან აღსრულების ნაწილი. ამაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა რაოდენობის პაციენტი გვეყოლება აპრილის ბოლოს და მაისში და ასევე, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პიკური პერიოდი და როგორ მოხდება მისი შეკავება,” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.